„კიდევ რა მივყიდოთ მომხმარებელს?” – რა უნდა გაითვალისწინოს ბრენდმა ახალი პროდუქტის გაშვებამდე

15/10/2026, 2:16 PM
წარმატებულ ბრენდს ყურადღებას აქცევენ, მის გარშემო აუდიტორია იზრდება, მედიაც აქტიურდება, ჩნდება თანამშრომლობის შეთავაზებები, დამფუძნებლებს პოდკასტებში იწვევენ. ამ დროს ბიზნესშიც ჩნდება აზრი, რომ უკვე დროა, მომხმარებელს კიდევ რაღაც შესთავაზონ.
ეს ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მაცდური კითხვაა: „კიდევ რისი გაყიდვა შეგვიძლია?” კონტენტკრეატორები კოსმეტიკის ბრენდებს ქმნიან, სპორტსმენები wellness-ბიზნესში შედიან, ტექნოლოგიური კომპანიები კი ახალ პროდუქტებს, პლატფორმებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სერვისებს ავითარებენ, რომლებმაც შესაძლოა, თავად მათი ბიზნესის მიმართულებაც შეცვალოს.
ამის მიზეზი გასაგებია: კომპანიის შესაძლებლობები სწრაფად ფართოვდება, ხელოვნური ინტელექტი კი ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. ბიზნესი, რომელიც ადრე მხოლოდ პროდუქტს ყიდდა, შეიძლება პლატფორმად იქცეს; პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია – ინტელექტუალურ სისტემად, ხოლო ბრენდმა, რომელიც ერთი კონკრეტული მიმართულებით იყო ცნობილი, თავისი ცოდნისა და გამოცდილების მთელ ინდუსტრიაზე გავრცელება გადაწყვიტოს.
ზოგჯერ ასეთი გაფართოება კომპანიისთვის წარმატებული სვლაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა ახალი პროდუქტის წარდგენას დიდი აჟიოტაჟი ახლავს, შემდეგ კი მას ბევრი მომხმარებელი აღარ ჰყავს.
ეს მარკეტინგმა სწორად უნდა გაზომოს: მილიონობით გამომწერი გვეუბნება, რამდენი ადამიანი გვადევნებს თვალს, მილიონობით მომხმარებელი კი – რამდენი ადამიანი მოვიზიდეთ. თუმცა არცერთი მაჩვენებელი არ გვპასუხობს მთავარ კითხვაზე: რა მიმართულებით გვაძლევს განვითარების უფლებას ჩვენი ბრენდის მიმართ არსებული ნდობა?
აუდიტორიის ყოლის ილუზია
კონტენტკრეატორების მაგალითზე ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბიზნესმოდელი გამოჩნდა.
ტრადიციულად, კომპანიები ჯერ პროდუქტს ქმნიდნენ, შემდეგ კი დიდ თანხას ხარჯავდნენ მის გარშემო აუდიტორიის მოსაზიდად. კონტენტკრეატორებმა ეს თანმიმდევრობა შეცვალეს – ჯერ აუდიტორია შექმნეს და შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რა პროდუქტი შეიძლებოდა მისთვის შეეთავაზებინათ.
ბიზნესისთვის ეს ძალიან მიმზიდველია: მილიონობით გამომწერი, მომხმარებელთან პირდაპირი კავშირი, მისი ინტერესების კარგად ცოდნა და ორგანული გავრცელების შესაძლებლობა, რომლის მიღწევასაც ტრადიციული ბრენდები დიდ რესურსს ახარჯავენ.
თუმცა ამ შესაძლებლობის მიღმა რისკი იმალება: ადამიანები კონკრეტულ ბრენდს ან პიროვნებას გარკვეული მიზეზებით მიჰყვებიან. შეიძლება გასართობად, ან იმიტომ, რომ მოსწონთ მისი გემოვნება, ან ენდობობიან მის ცოდნას. შესაძლოა, ბრენდი მათთვის ამბიციასთან, თავისუფლებასთან, სტატუსთან, ოპტიმიზმთან ან რომელიმე კონკრეტულ საზოგადოებასთან კავშირს გამოხატავდეს. მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში არსებობს ერთგვარი შეთანხმება ბრენდსა და აუდიტორიას შორის. ეს შეთანხმება კი განსაზღვრავს, რას ელოდებიან ადამიანები ბრენდისგან და რა შეთავაზებას მიიღებენ მისგან ბუნებრივად.
ყველა ბრენდს აქვს საზღვარი, რომლის მიღმაც მომხმარებელი მას აღარ აღიქვამს ბუნებრივად
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა მიმართულებით აძლევს მომხმარებელი ბრენდს განვითარების უფლებას. ამ საზღვარს კომპანია თავად ვერ ადგენს, მას დროთა განმავლობაში მომხმარებლის დამოკიდებულება, გამოცდილება და მოლოდინი განსაზღვრავს.
პრობლემა მაშინ იწყება, როცა ბიზნესლიდერები კულტურულ გავლენას შეუზღუდავ შესაძლებლობად აღიქვამენ: თუ მომხმარებელს ჩვენი კონტენტი მოსწონს, აუცილებლად იყიდის ჩვენს პროდუქტსაც? თუ ჩვენს ფეხსაცმელს ატარებს, ტანსაცმელსაც შეიძენს? თუ ერთ სფეროში გვენდობა, სხვა მიმართულებითაც გამოგვყვება?
შესაძლოა, ასეც მოხდეს, თუმცა ყოველი ახალი პროდუქტისა თუ კატეგორიის შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა გასათვალისწინებელი: „რამდენად ლოგიკურია ბრენდისგან, რომ ამ პროდუქტს გვთავაზობს?”
ყურადღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროდუქტმა ბაზარზე თავისი ადგილი იპოვა
როცა მილიონობით გამომწერს ახალ პროდუქტს სთავაზობ, რეაქცია თითქმის გარანტირებულია: ადამიანები დააწკაპუნებენ, ერთგული მომხმარებლები შეიძენენ, TikTok-ზე კონტენტი გავრცელდება, მედია კი სიახლეს გააშუქებს. საწყისი მაჩვენებლები შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა რეალური სურათი მაშინ ჩანს, როცა პირველი აჟიოტაჟი ჩაცხრება.
უბრუნდება თუ არა მომხმარებელი პროდუქტს? – აი, ესაა მთავარი.
ბრენდი ძლიერდება მაშინ, როცა მომხმარებელს მასთან კონკრეტული იდეები, ემოციები და მოლოდინები აკავშირებს. ამ მნიშვნელობას შეუძლია ახალ კატეგორიებშიც გადაინაცვლოს, თუმცა ამისთვის ბრენდის არსსა და ახალ შეთავაზებას შორის კავშირი უნდა არსებობდეს.
ამიტომ ახალ ბაზარზე შესვლამდე, პროდუქტის გამოშვებამდე ან ახალი შესაძლებლობის განვითარებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები სწორედ ამ მიმართულებით უნდა დაისვას.
წარმატებულ ბრენდს ყოველთვის შეუძლია ახალი მიმართულებების პოვნა. გამორჩეული ბრენდები კი მათგან იმას ირჩევენ, რაც საკუთარ მნიშვნელობას გააძლიერებს და მომხმარებელს კი არ დააკარგვინებს, არამედ მოიზიდავს.
See more
შეიძლება დაგაინტერესოს
როგორ აგრძელებს ჯონ ტერნუსი სტივ ჯობსის მემკვიდრეობას?
სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან 15 წლისთავზე Apple-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, […] სრულად